среда, 21 сентября 2011 г.



ამ წერილის ადრესატი, ერთი, საზოგადოებრივ-პოლიტიკურად აქტიური ქალბატონია. მეტსაც გეტყვით,ის, ხელისუფლებაში მყოფი, საგრძნობლად მაღალი თანამდებობის პირის მეუღლეა და, შესაბამისად, ცნობილი, “პოპულარულიჟურნალის ერთერთი დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორიც კი გახლავთ.ხოლო ის, რომ მას, თქვენ რომ ახლა კითხულობთ, ის წერილი ეძღვნება,  განპირობებულია მისივე სიბრძნეთფრქვევით ბეჭდვით, ელექტრონულ და ტელე მედიაში.
სულ რამდენიმე საკითხია, რომელიც მინდა თქვენი და შესაბამისად, ზემოთხსენებული ქალბატონის ყურადღების ობიექტი გახდეს:
 პირველი, რაც ხშირად მომისმენია ამავე ქალბატონისგან ისაა, რომ იგი ნამდვილი პროფესიონალი, ჟურნალისტური ეთიკისა და ნორმების უზადო მცოდნეა. იქვე, თეატრის, კინოს და სხვა, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი დარგების შეუდარებელი ექსპერტიც, იმის მიუხედავად, ერკვევა თუ არა იგი ამ კონკრეტული დარგების ავსა თუ კარგში. ბევრი ითქვა, დაიწერა და უფრო მეტი ყურადღება დაეთმო მის კომპეტენციებს ამ თემასთან მიმართებაში, მაგრამ არ შემიძლია, საკუთარი პოზიციაც არ გამოვხატო და არ ვთხოვო მას, მოერიდოს ასე აშკარად უვიცობის, ზედაპირულობის და არაკომპეტენტურობის გამომზეურებას. რადგან, მიუხედავად სიბნელისა, განუვითარებლობისა, ფუნდამენტალიზმის ბრჭყალებისა თუ წარსულში სიწითლის მონობაში მოქცეულობისა, ამ, აწ უკვე ჩანარეცხ საზოგადოებას, კიდევ მოეპოვება „ერთი-ორი მარკშრეიდერი“ რომელიც მასზე უკეთ შეაფასებს ამა თუ იმ რეჟისორის, მხატვრის, არქიტექტორის, გეოლოგის, ფიზიკოსის, მათემატიკოსის და გნებავთ, მშენებლის ნამუშევარს.
  ეს ისე, გაკვრით, ქალბატონო კომპეტენციავ (ამ შემთხვევაში მირჩევნია, პირდაპირ მოგმართოთ ), მთავარი კი ის არის, რომ თქვენ, იმ საქმესაც, რომელსაც ასეთი ენერგიულობითა და თავდაუზოგავობით ეკვეთეთ ახლადგანვითარებულ საქართველოში, არაკეთილსინდისიერად და უფრო ზუსტად, არაპროფესიონალურად, კიდევ  უფრო ზუსტად, -უსინდისოდ ეპყრობით. 
 თქვენ, ქალბატონო ზე-ჟურნალისტიკავ, არა მარტო ჟურნალისტური ეთიკის კონცეფციას არღვევთ, ასევე შეურაცხყოფთ მკითხველსაც და შესაბამისად, მთელს საზოგადოებას. ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი, რომელიც საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის მიერ, 2001 წელს იქნა მიღებული (ჯერ კიდევ საქართველოს ნაციონალურ გასხივოსნებამდე), გვეუბნება, რომ ჟურნალისტი ვალდებულია,  მიუკერძოებლად და ობიექტუერად გააშუქოს მოვლენები. ჟურნალისტი ვალდებულია, არ დამალოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია; ჟურნალისტმა არ უნდა გამოიყენოს მისი ხელობა ბოროტად; ასევე, III მუხლის I პუნქტი გვეუბნება, რომ მოვლენები და სიახლეები ჟურნალისტმა უნდა აღწეროს მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა უტყუარობაშიც ის დარწმუნებულია. ჟურნალისტმა არ უნდა დამალოს არსებითი ინფორმაცია ან გააყალბოს დოკუმენტები. ასევე ხაზგასმულია ისიც, რომ „..ჟურნალისტმა პროფესიული მოვალეობანი გარეშე პირთა ჩაურევლად უნდა განახორციელოს. კერძოდ, ხელისუფლების, ან სხვა გარეშე პირთა მხრიდან ზემოქმედებამ არ უნდა ხელყოს ჟურნალისტური საქმიანობის დამოუკიდებლობა და არ უნდა შეცვალოს ჟურნალიტური მასალების შინაარსი. მასმედიის ნებისმიერი წარმომადგენელი ვალდებულია წინააღმდეგობა გაუწიოს ყველას, ვინც მათ დამოუკიდებლობას ლახავს“.. უდაოდ ყურადღებამისაქცევი მუხლია ასევე, -„ 5.3 გაუმართლებელია მესამე პირის კერძო, ან ფინანსური ინტერესების გავლენის ქვეშ მომზადებული სარედაქციო მასალის ან შეხედულების გამოქვეყნება. რეკლამა და სარედაქციო მასალა ნათლად უნდა იყოს გამიჯნული. იმისათვის, რომ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა თავიდან იქნას აცილებული, რეკლამა შესაბამისი ფორმით, მინაწერით, ან კომენტარით უნდა გამოქვეყნდეს.“... 
 ეს  კოდექსი, რომელზეც მოგახსენებთ, სულ 6 მუხლისგან შედგება; მისი დაცვა, ეთიკის და პროფესიული ზნეობის საკითხია, თქვენ კი, ქართული ჟურნალისტიკისა და საზოგადოებრივი ცნობიერების სადარაჯოზე დამდგარო ქალბატონო ზე-კომპეტენცია-ჟურნალისტიკავ, ამ კოდექსის თითქმის ყველა მუხლს არღვევთ ისეთივე წარმატებით, როგორი წარმატებითაც არღვევს საქართველოს პრეზიდენტი თავის მმართველ გუნდთან ერთად საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც, სახელმწიფოს მთავარი საკანონმდებლო დოკუმენტია.
 ერთი კია, პრეზიდენტისა და ქვეყნის მმართველ პირთაგან კონსტიტუციის და ამ კონსტიტუციაზე დაფუძნებული კანონების დარღვევა შეიძლება, როგორც სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციული სამართლის დანაშაულად მივიჩნიოთ;  სამწუხაროდ და თქვენდა საბედნიეროდ კი, ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი მხოლოდ მორალურ ვალდებულებებს ითვალისწინებს, მისი დაცვა ნებაყოფლობითია და კანონის ძალა არა აქვს. თუმცა, ეს კოდექსი, საბოლოოდ თავისი შინაარსით, ადამიანის უფლებათა დაცვას ისახავს მიზნად.
 თქვენი ჟურნალისტურ-იდეოლოგიური საქმიანობა კი იმ ჟურნალისტთა მთელ არმიასთან ერთად, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ემსახურება, არღვევს, პირველ რიგში, თქვენი კოლეგების უფლებებს, რადგან თქვენივე უმოქმედობით, კრიტიკული აზრის გამოთქმის უუნარობით, ლოიალურობით ხელისუფლების მიმართ, ხელს უწყობთ თავისუფალი სიტყვისა და აზრის იმავე პოლიტიკური ძლის მარწუხში მოქცევას. 
 თქვენ და თქვენი მსგავსი ჟურნალისტები თვალს ხუჭავთ ძლადობასა და ტერორზე, რომელსაც თქვენივე კოლეგების მიმართ ახორციელებენ. თქვენ არ ემსახურებით სიმართლეს და არ უთმობთ ყურადღებას იმ თემებს, რომელიც დღეს, სინამდვილეში აწუხებს ამ საზოგადოებას. 
 თქვენ, როგორც თქვენი თანამოაზრენი, ერთი გაბატონებული კასტის ინტერესებს იცავთ, რომელიც ისეა შესული ძალაუფლებით ტკბობის ეშხში, რომ კანონის ნაცვლად, უზენაესი- საკუთარი სავარძელი, თანამდებობა და სურვილები ჰგონია, განურჩევლად ამ სურვულების გავარისა და შინაარსისა. 
 თქვენ და თქვენს რედაქციას არც ერთი სიტყვა არ გითქვამთ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაზე, თუმცა, ევროპის სასამართლომ თავისი დასკვნა სულ რამდენიმე თვის წინ გამოაქვეყნა; ასევე არსად  გამოგითქვამთ თანადგომა და მხარდაჭერა იმ ადამიანების ოჯახების მიმართ, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანონო, თავაშვებულმა და დანაშაულებრივმა ქმედებებმა იმსხვერპლა. 
 თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს არ გამოგიხატავთ პროტესტი ჟურნალისტების უკანონო დაპატიმრებასა და მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის შესახებ; 
 თქვენ და თქვენს გუნდს არც ერთი სიტყვა არ გითქვამთ და არ დაგიბეჭდავთ საპატიმროში პატიმართა უპრეცენდენტო რაოდენობაზე, მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელ, გაუსაძლის პირობებში ყოფაზე. სახელმწიფოს მხრიდან უკანონოდ გასხვისებულ ქონებაზე, მონოპოლიზირებულ ბიზნესზე.. თქვენი მხრიდან იგნორირებული, უყურადღებოდ დატოვებული პრობლემებისა  თუ დანაშაულებების ნუსხა იმდენად დიდია, - ერთი სტატია არ ეყოფა მათ ჩამოთვლას..
 თქვენსა და თქვენი მსგავსი ჟურნალისტების ქცევას რამდენიმე ახსნა აქვს, მათ შორის, მეცნიერულიც.. შესაძლებელია, თავისუფლებისა და დამოუკიდბლობის განცდა თქვენშიც იწვევს მიტოვებულობისა და მიუსაფრობის შეგრძნებას ისევე, როგორც ტოტალიტარული რეჟიმის წიაღში ფორმირებული ცნობიერებისა და ფსიქიკის მქონე ზოგიერთ ინდივიდში. თქვენივე ნებით, ხელისუფლებისა და დიქტატორად ქცეული, ფსევდო რეფორმატორისა და ფსევდო დემოკრატი მმართველის  მონობა, მისი უპირობო მსახურება შესაძლებელია, სწორედ ფსიქოლოგიური პრობლემით იყოს განპირობებული.
ასევე დასაშვები და მეტად სავარაუდოა, რომ ავტოკრატული მმართველობის ხელშეწყობა, ხელისუფლების დანაშაულებრივი ქმედებების რეფორმატორულად და პროგრესულად შენიღბვა თქვენს პირად, ოჯახურ, შესაბამისად- კლიენტელურ-ნეპოტისტურ ინტერესს ემსახურებოდეს. 
 პრინციპში, ჩემი მიზანი არა თქვენი ფსიქოლოგიური პორტრეტის შედგენა, არამედ თქვენი საზოგადოებრივი და ჟურნალისტური საქმიანობის განხილვაა იმდენად, რამდენადაც ამ სფეროში მომუშავე ადამიანები  საზოგადოებრივ აზრს ქმნიან და ზემოქმედებენ  სოციუმზე. ანუ, საბოლოო ჯამში, ან ხელს უწყობენ  აზროვნების თავისუფლად განვითარებას, ან ამ უნარის საბოლოოდ აღმოფხვრას ემსახურებიან. ამიტომ, სანამ თქვენს სახელსა და გვარს, ტელეეკრანებზე სტატუსის განსამარტად „ჟურნალისტს“ მიაწერთ, სანამ მკითხველისა და მაყურებლის წინაშე როგორც დასავლურიანუ დემოკრატიული ღირებულებების აპოლოგეტი, ისე წარდგებით, დაფიქრდით, იქნებ ცდებით, ქალბატონო თამარ, იქნებ თქვენი საქმიანობის შედეგები თქვენივე შთამომავლობისათვის აღმოჩნდეს საზიანო მომავალში.  იქნებ მაინც შეიცვალოს დღეს არსებული ხელისუფლება და საღმა აზრმა ნახოს თქვენი და თქვენი თანაგუნდელების აშენებული  ჩიხებიდან გამოსავალი; 
 იქნებ რამდენიმე წელიწადში, გავლენიანი პოლიტიკოსის მეუღლის და რომელიმე სახელისუფლებო ჟურნალის მთავარი რედაქტორის კი არა, ერთი, „უბრალო მოქალაქის“ ამპლუის მორგება მოგიწიოთ?! 
 თუმცა, სანამ  ახალი არჩევნები ჩატარდება და სანამ განაგრძობთ თქვენს საქმიანობას,  მაინც გადაიკითხეთ: 1. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენცია; 2. ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსი 3. ერიხ ფრომის თავისუფლებისაგან გაქცევა”. მერწმუნეთ, იქ ისეთ ინფორმაციას ამოიკითხავთ, რაც დაგიდასტურებთ, რომ ცდებით, როდესაც საკუთარ თავს ჟურნალისტს და პრესის წარმომადგენელს, სამოქალაქო, ღია საზოგადოების ერთერთ მთავარ შემოქმედს და დემოკრატიული პრინციპების მომხრეს უწოდებთ




ნინო ბორჩხაძე
სოციოლოგი
წერილი გამოქვეყნებულია გაზეთში "საქართველო და მსოფლიო" 21.09.2011